ADHD სირთულე თუ რესურსი?

როდესაც ბავშვის ქცევას მხოლოდ დისციპლინის პრობლემად განვიხილავთ, ხშირად ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს – მის შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ADHD-ის მქონე ბავშვების ქცევის უკეთ გაგება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათ პოტენციალს განვითარებაში დაეხმარება.
ჰიპერაქტიურია თუ უზნეო?
ხშირად ADHD-ის მქონე ბავშვების ქცევა აღიქმება როგორც დაუმორჩილებლობა, უზნეობა ან ცუდი აღზრდა. რეალობა კი ბევრად უფრო რთულია. ასეთი ქცევის უკან ხშირად დგას ნეიროგანვითარებითი თავისებურება – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD).
ბავშვი, რომელიც გაკვეთილზე ვერ ჩერდება, ხშირად დგება სკამიდან, საუბარში სხვას აწყვეტინებს სიტყვას ან დავალებას ბოლომდე ვერ ასრულებს, ხშირად უბრალოდ ვერ ახერხებს იმავე გზით აკონტროლოს საკუთარი ყურადღება და ქცევა, როგორც მისი თანატოლები.
ADHD-ის მქონე ბავშვის ტვინში განსხვავებულად მუშაობს ის მექანიზმები, რომლებიც პასუხისმგებელია ყურადღებაზე, თვითკონტროლსა და იმპულსების რეგულაციაზე. სწორედ ამიტომ შეიძლება ის მუდმივად მოძრაობდეს, სწრაფად იცვლიდეს საქმიანობას ან საუბრისას ვერ დაელოდოს საკუთარ რიგს.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ასეთ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ მაღალი ენერგია, ცნობისმოყვარეობა, შემოქმედებითობა და ძლიერი წარმოსახვა. ისინი გარემოზე სწრაფად რეაგირებენ და ემოციებსაც ხშირად ძალიან ინტენსიურად გამოხატავენ.
ზოგადადმ სკოლა და საკლასო გარემო ხომ წესრიგზეა აგებული: ბავშვი უნდა იჯდეს მშვიდად, უსმენდეს მასწავლებელს, გარკვეული დროით ერთ დავალებაზე იყოს კონცენტრირებული და არ გადაიტანოს ყურადღება სხვა სტიმულებზე.
ADHD-ის მქონე ბავშვისთვის სწორედ ეს მოთხოვნები შეიძლება გახდეს ყველაზე რთული, რადგან მათი ტვინი ხშირად უფრო სწრაფად რეაგირებს გარემოს სტიმულებზე, მაგალითად: ხმაზე, მოძრაობაზე ან ახალ საგნებზე. შედეგად ყურადღება შეიძლება მუდმივად გადადიოდეს ერთი სტიმულიდან მეორეზე.
გარედან ეს შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც მოუთმენლობა ან დაუდევრობა, თუმცა რეალურად ეს ნეირობიოლოგიური თავისებურებაა.
ასევე მნიშვნელოვანია მოძრაობის ბუნებრივი მოთხოვნილება. ბევრ ADHD-ის მქონე ბავშვს სჭირდება მოძრაობა: ფეხის ქნევა, სკამზე გადაწევა, ხელების მოძრაობა ან ადგომა ხშირად ენერგიის რეგულირების გზაა. როდესაც გარემო მკაცრად მოითხოვს სრულ სიმშვიდეს, ეს მოთხოვნილება კი სკოლის წესებთან ხშირად კონფლიქტში მოდის.
ასეთ სიტუაციებში ხშირად ჩნდება გაუგებრობა.
მასწავლებელი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ბავშვი უბრალოდ არ ცდილობს, ხოლო მშობელი დარდობდეს, რომ მისი შვილი წესებს არ ემორჩილება. სინამდვილეში კი ბავშვი ხშირად ცდილობს მოერგოს გარემოს, რომელიც მისი ნეიროფიზიოლოგიური თავისებურებისთვის ზედმეტად მკაცრია.
ADHD სირთულე თუ რესურსი?
როდესაც ბავშვის ქცევას მხოლოდ დისციპლინის პრობლემად განვიხილავთ, ხშირად ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს – მის შესაძლებლობებს.
ADHD-ის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ ძლიერი მხარეები:
• სწრაფი რეაქცია
• მუსიკალური და რიტმული შესაძლებლობები
• შემოქმედებითი აზროვნება
ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ეს ენერგია ნეგატიურად კი არ შეფასდება, არამედ სწორ მიმართულებას მიიღებს. ერთ-ერთი სფერო, რომელიც ასეთ ბავშვებს განსაკუთრებულად ეხმარება, მუსიკაა.
მუსიკა ადამიანის ტვინზე ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით: ემოციურად, კოგნიტურად და მოტორულად. სწორედ ამიტომ მუსიკათერაპია ADHD-ის მქონე ბავშვებისთვის ერთ-ერთი ეფექტური თერაპიული მიდგომაა.
რიტმი ბავშვს ეხმარება მოძრაობისა და ყურადღების ორგანიზებაში.
როდესაც ბავშვი დრამზე, ჯემბეზე ან სხვა პერკუსიულ ინსტრუმენტზე უკრავს, ის ბუნებრივად სწავლობს:
• იმპულსის შეკავებას
• რიტმის გამეორებას
• სხეულის მოძრაობის კონტროლს
რიტმი გარკვეულწილად სტრუქტურას აძლევს იმ ენერგიას, რომელიც ADHD-ის მქონე ბავშვებში ხშირად ქაოსურად ვლინდება.
ინსტრუმენტზე დაკვრა მნიშვნელოვნად ავითარებს ყურადღებას. მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრისას ბავშვი ერთდროულად იყენებს:
• სმენას
• მოძრაობას
• ყურადღებას
• მეხსიერებას
ეს პროცესები ტვინში ერთმანეთთან დაკავშირებულ სისტემებს ააქტიურებს და ხელს უწყობს კონცენტრაციის განვითარებას.
რაც შეეხება ემოციურ რეგულაციას, ADHD-ის მქონე ბავშვებს ხშირად უჭირთ ძლიერი ემოციების მართვა, სიხარული, გაბრაზება ან იმედგაცრუება შეიძლება ძალიან სწრაფად და ინტენსიურად გამოხატონ.
მუსიკა მათ საშუალებას აძლევს ეს ემოციები უსაფრთხოდ და შემოქმედებითად გამოხატონ. ხშირად ბავშვს შეუძლია მუსიკის საშუალებით გადმოსცეს ის, რაც სიტყვებით რთულად გამოიხატება.
საკმაოდ ეფექტურია ჯგუფური მუსიკათერაპიაც. როდესაც ბავშვები ერთად ქმნიან მუსიკას, ისინი სწავლობენ:
• ერთმანეთის მოსმენას
• რიგის დაცვას
• თანამშრომლობას
• საერთო რიტმის შენარჩუნებას
ეს სოციალური უნარები ხშირად სწორედ ის სფეროა, სადაც ADHD-ის მქონე ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.
მუსიკათერაპია მხოლოდ ქცევის რეგულაციას არ ემსახურება. ის ბავშვს აძლევს ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას – წარმატების განცდას, გამოცდილებას.
ბავშვი ხედავს, რომ შეუძლია:
• რაღაცის შექმნა
• მუსიკის შესრულება
• საკუთარი ნამუშევრის სხვებისთვის გაზიარება
ასეთი გამოცდილება მნიშვნელოვნად ზრდის თვითშეფასებასა და თავდაჯერილობას.
იცით, რატომ აქვთ ADHD ბავშვებს ხშირად კარგი მუსიკალური სმენა და რიტმის შეგრძნება?
ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ADHD დაკავშირებულია ტვინის იმ სისტემებთან, რომლებიც პასუხისმგებელია ყურადღებაზე, დროის აღქმასა და იმპულსების კონტროლზე. საინტერესოა ის, რომ მუსიკა სწორედ ამავე სისტემებს ააქტიურებს.
ამიტომ მუსიკა და განსაკუთრებით რიტმი შეიძლება გახდეს ერთგვარი „ორგანიზატორი“ ტვინისთვის.
კვლევები აჩვენებს, რომ ისეთი რიტმული აქტივობები, როგორიცაა ტაშის დაკვრა, დრამზე დაკვრა ან მუსიკასთან ერთად მოძრაობა, ხელს უწყობს:
• ყურადღების შენარჩუნებას
• იმპულსის კონტროლს
• მოძრაობისა და დროის კოორდინაციას
ასეთი აქტივობები ააქტიურებს ტვინის ისეთ უბნებს, როგორიცაა ცერებელუმი, ბაზალური განგლიები და პრემოტორული ქერქი, რომლებიც დაკავშირებულია მოძრაობის კონტროლსა და ყურადღებასთან.
მეცნიერებაში ასევე არსებობს Optimal Stimulation Theory, რომლის მიხედვითაც ADHD ტვინს ხშირად სჭირდება უფრო ძლიერი სტიმულაცია, რათა ოპტიმალურად იმუშაოს. სწორედ ამიტომ ბევრ ADHD ადამიანს ეხმარება მუსიკა, რიტმული ხმები და მოძრაობასთან დაკავშირებული აქტივობები კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად.
სამეცნიერო მიმოხილვები ასევე აჩვენებს, რომ მუსიკა და მუსიკათერაპია შეიძლება:
• გააუმჯობესოს ყურადღება
• შეამციროს იმპულსური ქცევა
• გააძლიეროს სოციალური უნარები
• გაზარდოს თვითშეფასება
ამიტომ მუსიკა ხშირად გამოიყენება არაფარმაკოლოგიურ თერაპიად ADHD-ის მხარდაჭერისთვის.
ADHD-ის მქონე ბავშვებისთვის მუსიკა ხშირად ხდება ხიდი ქაოსურ ენერგიასა და შემოქმედებით ძალას შორის.
როდესაც ეს ენერგია სწორად არის მიმართულებული, ის პრობლემად აღარ აღიქმება,. პირიქით, შეიძლება გახდეს ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რესურსი.
სწორად გაგებული და მხარდაჭერილი ADHD ხშირად არ არის მხოლოდ სირთულე. ხშირად ეს არის განსხვავებული ნიჭის ფორმა, რომელსაც სწორ გარემოში შეუძლია თავისუფლად და ჰარმონიულად განვითარდეს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, მეურვეებმა, მასწავლებლებმა და სპეციალისტებმა ბავშვში პირველ რიგში პოტენციალი დაინახონ და არა მხოლოდ სირთულე, რადგან ხშირად სწორედ მუსიკალურ სფეროში ავლენენ განსაკუთრებულ პოტენციალს.
სტატიის ავტორი: თამარ ჟორდანია
გამოყენებული დამატებითი სამეცნიერო მასალა:
• Martin-Moratinos, M. (2023). Effects of Music on Attention-Deficit/Hyperactivity Disorder – systematic review.
• Saville, P. (2025). Exploring the Intersection of ADHD and Music. Behavioral Sciences Journal.
• Shin, H. J. (2023). Rhythm-based assessment and training for children with ADHD.
• Kasuya-Ueba, Y. (2020). Music intervention and attention control in children. Frontiers in Neuroscience.
• Wright, K. (2025). Rhythmic training improves executive functioning in children with ADHD.

