მუსიკათერაპია ურთიერთობის უნიკალური ფორმაა. იგი საშუალებას გვაძლევს, დავუმეგობრდეთ ადამიანს, გავიგოთ მისი განცდები, ჩავწვდეთ მის პრობლემებს და დავეხმაროთ მას მუსიკალური დიალოგის ფორმით, ვერბალური ურთიერთობის გარეშე.

ყველა ადამიანს, ზრდასრული იქნება ის, მოზარდი თუ ბავშვი, საკუთარი შინაგანი სამყარო გააჩნია. ამ სამყაროში შეღწევა საკმაოდ რთულია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც. მუსიკის დახმარებით შეგვიძლია ადამიანის ნდობის მოპოვება,რადგანაც ნდობისა და პატივისცემის გაჩენის შემდეგ პრობლემებზე და შეზღუდულ შესაძლებლობებზე მუშაობა გაცილებით იოლია. ბავშვებთან ურთიერთობა შინაგანი ძალების სრულიად დაძაბვას მოითხოვს სპეციალისტისაგან. ამ ურთიერთობას სჭირდება მოთმინება, თანაგრძნობა, პატივისცემა და დროებით, საკუთარი „მეს” უკანა პლანზე გადაწევა. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალს წინ უსწრებს ყველაზე მთავარი – ბავშვების სიყვარული.
ყურადღება უნდა გამახვილდეს ადამიანის ძლიერ მხარეებზე და აქცენტი არ უნდა გაკეთდეს რომელილმე სახის შეზღუდულ შესაძლებლობაზე, რამდენადაც, განვითარებული შესაძლებლობების წინ წამოწევა და განმტკიცება ამაღლებს ადამიანის თვითშეფასებას, ხოლო ამაღლებული წარმოდგენა საკუთარ თავზე დადებითად მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობების განვითარებაზე. ასეთი ჰუმანური მიდგომა ხშირია თანამედროვე მეთოდებში, მათ შორის მუსიკათერაპიაში.
![]()
![]()
![]()
მუსიკათერაპიაში ყველა მოქმედება თავისუფლების განცდასა და სიამოვნებას უნდა იწვევდეს. თუმცა, აქ არსებობს განსაზღვრული წესები, რასაც ნებისმიერი თერაპიის მიმღები ითვალისწინებს. ამიტომ ყოველი საინტერესო სავარჯიშო თუ სასიამოვნო ქმედება, ამ წესების უმტკივნეულოდ დაცვას ემსახურება, რის შედეგადაც ამ ჩარჩოში მოთავსება მათთვის აღარ არის პრობლემატური.
მუსიკალური რიტმის განვითარება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება, სადაც ბავშვი სამყაროს დედის გულისცემით ეცნობა. რიტმის გრძნობა უწყვეტია და მთელი ცხოვრება გრძელდება. ყველა ადამიანს თავისი ბიოლოგიური რიტმი აქვს, რაც მათი ცხოვრების წესზე, გადაწყვეტილებების მიღებასა თუ წეს-ჩვეულებებზე აისახება. მუსიკათერაპიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რიტმს. მუსიკისა და რიტმის გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ყველა უნარის თერაპიაში ჩართვა, სადაც განვითარებული რესურსის აქტიური გამოყენების ხარჯზე, ვითარდება შეზღუდული შესაძლებლობები. მუსიკა შუამავალია გარე სამყაროსა და ემოციებს შორის, აქვე პლატონის სიტყვებსაც მოვიშველიებთ და ვიტყვით, რომ “რიტმი არის წესრიგი მოძრაობაში’’, რაც ადამიანს ეხმარება ემოციების დაბალანსებაში და შინაგანი შფოთვის შემცირებაში.
ბუნებაში ყველაფერი რიტმთანაა დაკავშირებული: გულისცემა, ნაბიჯები, სუნთქვა, დღე და ღამე, საათის ისრების მოძრაობა და ასე შემდეგ… მუსიკა და რიტმი ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თერაპიის პროცესში ტვინის ორივე ნახევარსფერო გააქტიურებულია და მიმდინარეობს მათი ერთდროულად დატვირთვა. აღსანიშნავია, რომ რიტმის აღქმაში ადამიანს ეხმარება მუსიკა. მუსიკალური აზროვნება კი რიტმის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ რიტმს შემოაქვს მუსიკაში წესრიგი, ბალანსი.
რითია მნიშნელოვანი ადრეუილ ასაკიდან მუსიკის თერაპიული ელემენტებით მიწოდება ბავშვებში? ეს ხელს უწყობს მათ მუსიკალურ სამყაროსთან ბუნებრივ, მშვიდ შეცნობას და ინტერესს უღვივებს სამომავლოდ. სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანია ეტააპობრივად, ნელ-ნელა შეიცნონ ხმები, ინსტრუმენტები, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თამაშისა და პატარ-პატარა წესების უმტკივნეული ცვლით. მუსიკა უნდა იყოს შუამავალი ბავშვსა და იმ სამყაროს შორის, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გახდეს მისთვის თავშესაფარი და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება.

